COVID-19-ით გარდაცვალებაში „საკვანძო წვლილი“ შესაძლოა ჰაერის დაბინძურებას ჰქონდეს - კვლევა

პუბლიკა

გამოცემა The Guardian აქვეყნებს ინფორმაციას ახალი კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროპის ოთხ ქვეყანაში გარდაცვლილთა თითქმის 80% ყველაზე დაბინძურებული რეგიონებიდან იყო.

სამეცნიერო ჟურნალ Science of the Total Environment-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს შეიძლება „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდეს“ კორონავირუსით გამოწვეულ გარდაცვალებებში.

ანალიზის მიხედვით, იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის 66 ადმინისტრაციული რეგიონიდან 5 რეგიონზე დაღუპულთა 78% მოდის. აღნიშნული ხუთი რეგიონი კი ყველაზე დაბინძურებულია.

კვლევაში მიმოხილულია აზოტის დიოქსიდის დონეები (დამაბინძურებელი, რომელსაც ძირითადად დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი გამოყოფს) და ამინდის პირობები (რომელსაც შეუძლია ქალაქიდან დაბინძურებული ჰაერის გავრცელებას ხელი შეუშალოს). ბევრი კვლევა NO2-ის ჯანმრთელობის პრობლემებს გამოყოფას უკავშირებს, კერძოდ, ფილტვის დაავადებებს, რაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სიკვდილის გამომწვევი გახდეს.

„შედეგები აჩვენებს, რომ ამ დამბინძურებელს ინფიცირების შემთხვევაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუღოდეს გარდაცვალებაში. არა მხოლოდ ამ რეგიონებში, არამედ მსოფლიოში“, – ამბობს კვლევის ავტორი იარონ ოგენი ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტიდან – „ჩ გარემოს დაბინძურება ჩვენი სხეულის მოწამვლას ნიშნავს. როდესაც სხეული ქრონიკულ რესპირატორულ სტრესშია, ინფექციებისგან თავის დაცვის უნარი მცირდება“.

ანალიზი მხოლოდ ძლიერ კორელაციას აჩვენებს და არა მიზეზობრივ კავშირს. 

კვლევის მიხედვით, 4 ქვეყნის 66 რეგიონში (19 მარტის მონაცემებით) 4 443 გარდაცვლილიდან 78% იმ 5 რეგიონზე მოდის, რომლებიც ყველაზე მეტადაა NO2-ით დაბინძურებული: 5-დან 4 რეგიონი იტალიაში, ერთი კი ესპანეთში.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც აშშ-ში ჩატარდა და 7 აპრილს გამოქვეყნდა, დაბინძურებული ჰაერი ზრდის რესპირატორული პრობლემების რისკებს, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთათვის, შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. იტალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი ქვეყნის ჩრდილოეთში დაფიქსირებული სიკვდილიანობა კორელაციაშია ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალ დონესთან.

„ჩვენ ვიცით, რომ NO2 ტოქსიკური გაზია, რომელიც აზიანებს ფილტვებს და ასუსტებს იმუნურ სისტემას, ამიტომ მოულოდნელი არც არის, რომ ყველაზე მეტად დაბინძურებულ რეგიონში მცხოვრებლები ყველაზე მოწყვლადი არიან კორონავირუსის წინაშე. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ უნდა შევამციროთ ჰაერის დაბინძურება და ტრანსპორტის მოძრაობა, რათა თავი დავაღწიოთ ამ საშინელ სიტუაციას“, – ამბობს გარემოსდამცველი ჯეინ ბეიტსი.