ცქიტიშვილი: ავტობუსიდან ჩამომიყვანეს, პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში

პუბლიკა

ჩხრეკა დასრულდა ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც – მისი თქმით, დილით სამსახურში ავტობუსში მიდიოდა, თუმცა ჩაიყვანეს ავტობუსიდან, ქუჩაში გაჩხრიკეს და ამოიღეს ტელეფონი. ამის შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლშიც.

„8 საათზე გამოვედი სახლიდან, მივდიოდი ოფისში. ავედი ავტობუსში. ცოტა მეჩქარებოდა, ავტობუსზე რომ არ დამეგვიანა. სავარაუდოდ, გამომყვნენ სირბილით, ამოვიდნენ ავტობუსში და ავტობუსიდან ჩამომიყვანეს. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში.

გამაცნეს განჩინება მოსამართლის. შემდეგ, ამ ჩხრეკის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამოიღეს მობილური ტელეფონი და გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის ჩხრეკას. აქვე, გაჩერებიდან მოვედით და სახლიც ამის შემდეგ გაჩხრიკეს“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მარიამ ბაჯელიძის სახლშიც. მისი თქმით, ამოიღეს მობილური ტელეფონი და წაიღეს ძველი ლეპტოპი. ბაჯელიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ვატო შაქარაშვილის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც „საბოტაჟს” გულისხმობს.

ჩხრეკა ამ დრომდე გრძელდება ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.


საქართველოს პროკურატურა მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.

„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – აცხადებს უწყება.