თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ცნობით, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია “Gilead”-მა საქართველოს უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი.
„მას შემდეგ რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი COVID აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა რემდესივირის ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი რემდესივირის ფასმა 1000 დოლარს მიაღწია. ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „Gilead“-ის ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან რემდესივირის მოწოდებაში.
„Gilead“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული რემდესივირის – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია“,- წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.