დაიცავით თვითიზოლაციის წესები - საკოორდინაციო საბჭოს კატეგორიული გაფრთხილება

მინდია გაბაძე

კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სხდომაზე აღნიშნა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებას უწევს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც მათ საქართველოში ორგანიზებულად დააბრუნებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, საჰაერო ხომალდები იტალიაში უკვე გაგზავნილია და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ჩამოიყვანენ. იტალიიდან ჩამოსულებს ადგილზე კიდევ ერთხელ დეტალურად შეამოწმებენ, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად გაივლიან.

სხდომაზე აღინიშნა, რომ, დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15-ს შეადგენს.  მათგან უმეტესობის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, 2 მათგანს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამის მკურნალობას გადიან. ამ ეტაპზე კარანტინში  რჩება 178  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 56 პირი.