დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს - NAEC

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების ერთ-ერთ ვარიანტში არსებული დავალების შესახებ. როგორც ცენტრი წერს, საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და რომ დაუშვებელია გამოცდების პოლიტიზება.

„გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები „ამაყი“, რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული”.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.

ვინაიდან, დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თითოეული ჩვენგანის მიზანია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი არაკორექტული შეფასებებისგან. მანამდე კი, დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს”, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს, 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურის საგნით დაიწყო. „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული” – გამოცდაზე ერთ-ერთ დავალებას ასეთი სახელი ჰქონდა.