დარწმუნებულები ვართ, ამ პოზიციას შეიცვლიან - კობახიძე ოპოზიციურ პარტიებზე

პუბლიკა

“საბოლოო ჯამში ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი ამ პოზიციას შეიცვლიან, ბუნებრივია, ასე ეს პროცესი არ გაგრძელდება” – ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაზე, არ შევიდნენ პარლამენტში და უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზე.

ის ამბობს, რომ ზოგიერთ პარტიას მიხეილ სააკაშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ქართველი ხალხის და სწორედ ეს არის მათი “პირველადი გადაწყვეტილების მიზეზი”.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებსაც, ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო მანდატი ეკუთვნით.

შესაბამისად, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ: „ევროპული საქართველო“, „ლელო-საქართველოსთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ენმ – „ძალა ერთობაშია”, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“.


ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
  • „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
  • „ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
  • „ლელო“ – 4 მანდატი;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
  • „გირჩი“ – 4 მანდატი;
  • „ლეიბორისტები“ – 1;
  • „მოქალაქეები“  – 2.