დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება - კალაძე ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

პუბლიკა

“სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა”. – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახი კალაძე ‘TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

მისი თქმით, ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

“მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას.

წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება”. – წერს კალაძე ფეისბუქზე.

დღეს ტელეკომპანია “პირველის” გადამღწბ ჯგუფს წალკის მუნიციპალიტეტში თავს დაესხნენ.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წალკაში ქუჩაში გამოსული ხალხის პრობლემების გასაშუქებლად იყო ჩასული.

„გამგებელი და მისი ბიძინა, რომელიც არაფორმალური მმართველია ფიზიკურად გაუსწორდა, ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს, დააზიანეს სამაუწყებლო აპარატურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ძალადობის წამახალისებლები რომ ხართ ამ ქვეყანაში, ბერას პირადი მცველი ოჯახის წევრების წამებით რომ გვემუქრებდნენ და გამოძიებაც კი რომ არ დაიწყეთ, აი ამის შედეგია“, – წერს მელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.