დარწმუნებულნი ვართ, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აღიარებს – კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეუთო/ოდირის მისიას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს არჩევნების შედეგებს და ყოველდღიურად იღებენ მილოცვებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ერთადერთი, ვინც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს დღემდე, ეს არის რამდენიმე კონკრეტული, დამარცხებული ოპოზიციური პარტია. თუმცა ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინი და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოოდ ისინიც აღიარებენ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს.

არსებობს მარტივი მონაცემები, რაც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები გაიმართა დემოკრატიულ გარემოში. ეს არის სტატისტიკური ინფორმაცია და ეს მონაცემები წარვუდგინეთ ეუთო/ოდირს.

რაც შეეხება ულტიმატუმს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ უნდა დაინიშნოს ხელახლი არჩევნები თუ რაღაც და მერე დასხდებიან მაგიდასთან, ეს არის სწორედ არასწორი საუბარი, ჩვენი საერთაშორსო პარტიორებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. შესაბამისად , მათ უნდა შეიცვალონ მიდგომა… ჩვენ ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ… ჩვენ ვმუშაობთ, რა ფორმით, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის, რომ მრავალპარტიული პარლამენტი, როგროც შედეგი, დადგეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ ჟვანიას გადაყენება, თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რასაც ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების დაწყების წინაპირობად ასახელებენ.

გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და მორიგი აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე გაიმართება.


8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოთან გადაინაცვლეს. ცესკოთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.