დავით გარეჯი არის ის საკითხი, რომელიც პანდემიის დროსაც არ შეიძლება იყოს დავიწყებული - მარიამ ჯაში

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, მარიამ ჯაშმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, პანდემია 12-18 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს და ეპიდსიტუაციის პროგნოზი არ შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების დაჩრდილვისა და დავიწყების მიზეზი.

„ასეთი საკითხებია როგორც ოკუპაცია, ასევე სიღარიბის დაძლევა, ასევე განათლების საკითხები, სხვადასხვა პრობლემატიკა. ჩვენი ფრაქციისთვის ერთ-ერთი უპირველეს პრობლემა გახლავთ სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედი“, – აღნიშნა ჯაშმა.

დეპუტატის განცხადებით, სამ თვეზე მეტია ელოდებიან იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ საგარეო საქმეთა უწყებას გაუგზავნა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მარიამ ჯაშმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკანიანს თხოვნით მიმართა, რომ 17 მარტის წერილზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“  მიიღოს პასუხები.

„დავით გარეჯი არის ის საკითხი, რომელიც პანდემიის დროსაც არ შეიძლება იყოს დავიწყებული და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან ერთად, აკადემიურ, სამეცნიერო და კონსტრუქციულ ფორმატში დავსვათ წერტილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატის განმარტებით, 12 მარტს საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა მორიგი განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით და 17 მარტს ფრაქციამ  შეკითხვით მიმართა საგარეო უწყებას.

„გვინდა საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გაგრძელდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა პანდემიამ არ მოგვცა აღნიშნული საკითხის შეხვედრის ფორმატში განხილვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ჯაშმა.

მარიამ ჯაშის განმარტებით, დღეისთვის არსებული კარტოგრაფიული და იურიდიული მასალების მიხედვით, დავიდ გარეჯი და მიმდებარე ტერიტორია არის უპირობოდ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა და კუთვნილება. მისი თქმით, 1996 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული, სამთავრობო კომისიების  შეთანხმების თანახმად, პრაქტიკულად გადაჭრილი  იყო საკითხები – იყო თუ არა დავით გარეჯი საქართველოს კუთვნილება. მაგრამ ჩვენ აღარ ვიცით, რა ხდება ქრონოლოგიურად 1996 წლის შემდეგ – რა დამატებითი შეთანხმებები ან იურიდიული მასალები ფორმდება ორ სახელმწიფოს შორის.

„ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, არამხოლოდ თქვენი მთავრობის, არამედ საქართველოს მთავრობის ყველა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ არცერთხელ არ გვსმენია, რომ საქართველოს დაეყენებინოს გაეროში ან სხვა საერთაშორისო ფორმატში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი. ასევე, არცერთხელ არ გაჟღერებულა საპროტესტო ნოტა საერთაშორისო ფორმატში, როდესაც უცხო ქვეყნის მედიაში ვრცელდებოდა არაზუსტი ინფორმაცია დავით გარეჯის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან და კუთვნილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ჯაშმა თხოვნით მიმართა საგარეო უწყებასა და მთავრობას, რომ ქართველი მეცნიერების, ისტორიკოსების, კარტოგრაფისტების ჩართულობით, სამეცნიერო მსჯელობის და აკადემიურ ფორმატში შეისწავლონ საკითხი:

„კიდევ ერთხელ გადავხედოთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, რა შეცდომები შეიძლება ყოფილიყო დაშვებული ამ პროცესში და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს მაქსიმალურად, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი იყოს გადაჭრილი, მხოლოდ კონსტრუქციული და თანამშრომლობითი ფორმატით, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში რისკიც კი, რომ აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვიოს რაიმე ტიპის გამწვავება როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორთან“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.