დავით ჯინჭარაძე: მეტროში 4 ადამიანი ამედევნა და, სავარაუდოდ, ჯიბეში ნარკოტიკების ჩადება სცადეს

პუბლიკა

აქტივისტი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი, დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ გუშინ, 16 აპრილს 4 ადამიანი აედევნა და მისთვის „ჯიბეში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჩადება სცადეს“.

„ისეთი ხელის მოძრაობა რთულად შეიძლება იყოს სხვა რამ“, – თქვა მან.

დავით ჯინჭარაძემ 16 აპრილს დაწერ, რომ ახალ თეატრთან საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როცა თავისუფლების მოედნის მეტროსადგურზე 4 ადამიანი აედევნა.

„მეტროში შესვლისას ერთი ეცადა, რაღაც ჩაედო ჩემს ჯიბეში. გავიწიე. მარჯანიშვილიდან რომ ამოვედი და წავედი თეატრთან აქციაზე, დამიკავშირდნენ მეგობრები და გამაგებინეს, რომ უცხო პირები ამედევნენ.

საბედნიეროდ, იმ მეტროში იყო ხალხი, ვინც მიცნო და მიაწოდეს ინფორმაცია ჩემს მეგობრებს. მადლობა ამ ხალხს. ჩამიგდეს ვიდეო და ფოტო-მასალა, ამოვიცანი პირი, ვინც ცდილობდა ჩაედო რაღაც. ეს პირი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამყვებოდა“, – დაწერა დავით ჯინჭარაძემ.

როგორც ის ჰყვება, მისმა მეგობრებმა მისი სახლამდე მიყვანა სცადეს. „არაერთი მანქანა“ მათ ამ დროსაც მიჰყვებოდა.

„მოვბრუნდით თეატრში. თეატრში რომ ვიყავით, ტერიტორიაზე მოვიდა ვიღაც ხალხი და იკითხეს, აქ ვინმე აქტივისტები ხომ არ არიანო.

მეგობრების დახმარებით დავტოვე ტერიტორია და ვარ უსაფრთხოდ. ვვარაუდობ, რომ უნდოდათ რაღაცის ჩადება და არ გამოუვიდათ“, – ჰყვება ჯინჭარაძე.

ამას ის თავის აქტივიზმს უკავშირებს.

„გიჟივით ეშინიათ ქოცებს ახალგაზრდების პოლიტიკაში, რადგან ვერანაირად გვაშავებენ. ვერ მაპატიეს ლონდონში, ბათუმსა და თბილისში მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. ალბათ ვერ მაპატიეს ჰილტონში ქოცურ დელეგაციასთან ორკაციანი პროტესტიც.

მესმის, რომ რეჟიმს აღიზიანებს რეალური და ხისტი პროტესტი. ჩემი შეშინება ძალიან ძნელია იმის შემდეგ, რაც უკვე მომპარეთ მომავალი და არჩევნები. ამიტომ, რაც უფრო გამაბრაზებთ, მეტად გაგიწევთ წინააღმდეგობას. ცეცხლი ოლიგარქიას“, – დაწერა დავით ჯინჭარაძემ.

დავით ჯინჭარაძემ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო არაერთ საპროტესტო აქციაში როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ.

ის მონაწილეობდა აქციაში, რომელიც ლონდონში გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლის, კულტურის სამინისტროსა და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების პარალელურად.

ასევე, დავით ჯინჭარაძე ერთ-ერთია, რომელიც ბათუმში ჩასული „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის დიტო სამხარაძის წინააღმდეგ აქცია მოაწყო.