დავით ლორთქიფანიძე მესამედ ამბობს უარს სამინისტროში გამოცხადებაზე - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც სამინისტროში მიიწვიეს კითხვების დასასმელად, მესამედ ამბობს უარს გამოცხადებაზე. ამის შესახებ წულუკიანმა „იმედი LIVE-ში“ ისაუბრა.

კულტურის მინისტრს ჰკითხეს იმ განცხადებებზე, თითქოს სამინისტრო ლორთქიფანიძეს ებრძვის, რადგან ის მას არ ემორჩილება.

„ის ნამდვილად არ მემორჩილება იმაში, რომ ფონდები სწორად იმართოს; ის ნამდვილად არ ემორჩილება სამინისტროს იმაში, რომ გაგვარკვიოს რატომ იმართებოდა ფონდები ასე და ის ნამდვილად არ ემორჩილება სამინისტროს, როდესაც ჩვენ მას ვეუბნებით, რომ პრობლემებია, ის ამბობს, რომ ეს პრობლემები არ არის და ის საყოველთაოდ აღიარებული დიდი მეცნიერია.

მე არ მინდა დღეს ისე შორს წავიდე, რომ ვარკვიო ვინ არის დიდი მეცნიერი და ვინ რა აღმოაჩინა, რა არ აღმოაჩინა და ამბობს რომ აღმოაჩინა. მაგრამ სანამ ვიქნები თანამდებობაზე, შევეცდები ჩემს მომდევნო კულტურის მინისტრს დავუტოვო უკეთესად მართული სამუზეუმო ფონდები. ყოველ შემთხვევაში სწორად აღწერილი, პასპორტიზაცია ჩატარებული და სწორად მართული იმ კეთილსინდისიერი თანამშრომლებით, რომლებიც სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად დარჩნენ და რომელთაც ჩვენ მცირედით, მაგრამ უკვე გავუზარდეთ ხელფასი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა მუზეუმების გაერთიანების ფონდებსა და აუდიტის დასკვნაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუდიტის დასკვნაში აღწერილია „საშინელი დარღვევები“, რომლებიც დავით ლორთქიფანიძის და მისი გუნდის მიერ ამ მუზეუმის მართვისას იქნა დაშვებული.

„ეს ის გუნდია, რომელიც 15 წელზე მეტია სამუზეუმო გაერთიანებას ხელმძღვანელობს და იქ ფონდებში სუფევს ქაოსი, ეს პირდაპირ წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ჩემი ვარაუდით გადაიგზავნება პროკურატურაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, ეს არ არის ერთადერთი დასკვნა რომელიც ამ გუნდის დარღვევებს ცხადყოფს.

„ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში, თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში ამავე გუნდის მმართველობის შესახებ სახელმწიფო აუდიტი დებდა დასკვნებს. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ჩემი წინამორბედი არაერთი მინისტრი იყვნენ შეწუხებულები იმით, თუ რა ხდებოდა ეროვნულ მუზეუმში. რატომ არავინ მოისურვა, რომ „ქადა ორი ხელით ეჭამა“, ამის შესახებ მე არ ვიცი. კულტურის სამინისტროში შევქმენით დანაყოფი, რომელიც მანამდე არ არსებობდა – კულტურული მემკვიდრეობის და ფასეულობათა დაცვის ინსპექცია, რომელიც სწავლობს, როგორ იმართება ფონდები სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში და არა მხოლოდ. ერთი, პირველი დასკვნა, რაც შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, ის არის, რომ ფონდებში სუფევს ქაოსი. არ არის აღწერილი რა გვაქვს ფონდებში. როდესაც ნიკა ახალბედაშვილი დავნიშნე ხელოვნების მუზეუმის დირექტორად, აღმოჩნდა, რომ პასპორტები არ ჰქონდა არცერთ ექსპონატს. შესაბამისად, ასეთ დროს ძალიან მარტივია ექსპონატის გაუჩინარება. ეს არის ლეგიტიმური კითხვები, რომელსაც ვსვამ მე და ჩემი ვალდებულებაა ამ კითხვებზე პასუხების მოპოვებას შევეცადო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული მუზეუმი აღარ დააფინანსებს რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებულ 13 პროექტს.

ეს გადაწყვეტილება ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა 4 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. წინააღმდეგ ხმა სწორედ დავით ლორთქიფანიძემ მისცა.