დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი  საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება.

„ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ. იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას.

ამ ფონზე, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი, მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე.

აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით, _” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება.