დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო - ადვოკატი

პუბლიკა

„”ჩემს მიერ მომზადებული კიდევ ერთი საჩივრის კომუნიკაცია დაიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ყველასთვის ცნობილ და გახმაურებულ გიორგი მამალაძის საქმეზე”. – წერს ადვოკატი დავით ჯანდიერი.

აღნიშნული ქეისი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

„საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული.
მომჩივნის ოჯახის თხოვნით, ხვალ შევხვდები მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 საათზე, რის შემდეგად გავაკეთებ მედიისთვის კომენტარს. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას.

დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ევროპული სასამართლოს გარდა ჩვენ ორისთვის იყო აქამდე ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნებოდა. ხვალ შესაძლებლობა მექნება ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასევე იხილოთ სასამართლოს ვებ გვერდზე”. – წერს ადვოკატი დავით ჯანდიერი.

ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.