დღეიდან პირბადის ტარების ვალდებულება დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და ტრანსპორტში – პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან პირბადის გამოყენების ვალდებულება იხსნება ყველგან, გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მივღეთ გადაწყვეტილება – დღეიდან პირბადის სავალდებულო გამოყენება დარჩება სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მათ შორის, სკოლებში მოიხსნება ეს ვალდებულება, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ასე რომ, დღეიდან, 2 მაისიდან სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მისი თქმით, კოვიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან სტაბილური და მართვადია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისინი დააკვირდებიან დინამიკას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.