დღეიდან ვცხოვრობთ სხვა სახელმწიფოში, საუბარი ზედმეტია დემოკრატიულ წყობილებაზე | საძაგლიშვილი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებენ.

„მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება, ეს არ იყო სასამართლო გადაწყვეტილება, ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვწტილების განმოცხადება სასამართლოს შენობაში. არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დაეპატიმრებინოთ და დღეს ეს პრეცედენტი დაშვებულია, რაც ცხადია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დღეიდან ვცხოვრობთ სხვა სახელმწიფოში, საუბარი ზედმეტია დემოკრატიულ წყობილებაზე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირნათლად შეასრულა გავრილოვისა და კრემლის მითითებები, მოსამართლემ კი კიდევ ერთხელ ახადა ფარდა იმას, რომ ქვეყანას არ გააჩნია სასამართო სისტემა და „ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემა, რომლებიც არიან მონურ მორჩილებაში ხელისუფლებასთან“.

გიორგი კონდახიშვილის შეფასებით, სასამართლო არის გამოყენებული პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

„აღსრულებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ორგანოებს უნდა ვკითხოთ, როგორ აპირებენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას“, – აცხადებს კონდახიშვილი.