დღეს ან ხვალ 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“ უნდა ჩამოვიდეს - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“ დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს.

„თქვენ იცით, ადრე 4 000 კოლოფი „რემდესივირი“ გვქონდა ნაყიდი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით იყო გამოყენებული, ყველა კლინიკა ვინც იყენებდა „რემდესივირს“ ერთხმად აღნიშნავს, რომ „რემდესივირი“ თავის დროზე გამოყენებული, ადრეულ სტადიაზე გამოყენებული და არა უკვე რეანიმაციაში მყოფ ავადმყოფებზე, ცალსახად ამცირებდა დაავადების დამძიმების რისკებს, ამცირებდა ჰოსპიტალიზაციის დროს და საერთოდ დადებითად მოქმედებდა დაავადების მიმდინარეობაზე.

სამწუხაროდ, იმ „ვაიექსპერტების“ გავლენის ქვეშ, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ „რემდესივირის“ შემოტანის და ბრალდებადაც კი გვიყენებდნენ, რომ „რემდესივირის“ შემოტანაზე სახელმწიფო ფული დაიხარჯა (ერთი კოლოფი 23 დოლარად იყო შემოტანილი და სულ დაიხარჯა 100 ათასი დოლარი), მაინც მათი გავლენის ქვეშ რჩება კლინიკებისა და ექიმების ნაწილი. მხოლოდ 27 კლინიკა იყენებდა „რემდესივირს“, დანარჩენი არ იყენებდნენ, რაც მიმაჩნია, რომ იყო სერიოზული შეცდომა და ხელს არ უწყობდა მკურნალობის ოპტიმიზაციას. იმ კლინიკებში, რომლებშიც „რემდესივირი“ გამოიყენებოდა, გაცილებით უფრო მეტად იყო გამოხატული პოზიტიური შედეგები და დაავადების დამძიმების რისკების შემცირება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რემდესივირის“ მარაგი ამოიწურა, თავდაპირველად გაჭირდა მედიკამენტის ხელახლა შესყიდვა, რადგან ქვეყნებმა ექსპორტი შეწყვიტეს.

„შემდეგ ჩვენ მივმართეთ თხოვნით კომპანია „გილიედის“ ხელმძღვანელობას.  გამონაკლინის სახით მიიღეს გადაწყვეტილება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირის“ მოწოდების, თანაც არა ინდური წარმოების, არამედ ბრენდის, ამერიკული წარმოების მოწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.