დღეს ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს

პუბლიკა

დღეს, 3 დეკემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17:00-ზე გაიმართება სხდომა, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.

კანონმდებლობის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩანიშნავს.

პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და მანდატი მიიღეს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საარჩევნო კანონმდებლობისა და ცესკოს ცვლილების პირობებში ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ამ მოთხოვნით, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, უცხოელი ელჩების ფასილიტაციით, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნები „წითელი ხაზია“.

მხარეებს შორის გაიმართა მოლაპარაკების ორი რაუნდი, თუმცა შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება III რაუნდი და რა იქნება კომპრომისი, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდება.

ამ პირობებში, პარლამენტის I სხდომის დღეს ოპოზიცია ცალკე ღონისძიებას გეგმავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი და კიდევ ერთხელ დეკლარირდება მოთხოვნები: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკოს ცვლილება.

ამასთანავე, პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, ჩახსნიან პარტიულ სიას და მიმართავენ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.