დღეს X მოწვევის პარლამენტის I სხდომაა | „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში პროტესტის ფონზე იკრიბებიან

პუბლიკა

დღეს, 11 დეკემბერს, 12:00-ზე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყება. ახალარჩეული პარლამენტი, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის პირობებში, შენობის შესასვლელთან აღმართული რკინის ბარიერებისა და საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბება.

პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი დაესწრება. სხდომა ტექნიკურ საკითხებს დაეთმობა, მასზე საპარლამენტო თანამდებობებზე დასამტკიცებელ დეპუტატებს უყრიან კენჭს – აირჩევენ სპიკერებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი გახსნის, ასეთი კი ლადო კახაძეა.

სხდომაზე მოწვეულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტი, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასამართლო შტოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, დიპლომატიური კორპუსი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დილიდან უკვე მიდიან.

სხდომისთვის მზადების პარალელურად, აქტივისტები პარლამენტის მიმდებარედ ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. მათ, გადაადგილების შეზღუდვის გამო, პოლიციასთან მცირე დაპირისპირებაც ჰქონდათ.

„გვიშლიან დგომას, მშვიდობიანი პროტესტის ფორმაა, სირცხვილის კორიდორია უბრალოდ და პოლიცია ძალის გამოყენებით ცდილობს, აქ არ ვიდგეთ. პროტესტის ფონზე უნდა ჩაიაროს ბიძინას მონების პარლამენტში შესვლამ“, –  აცხადებენ აქტივისტები.

ახალარჩეული პარლამენტის I სხდომის პარალელურად, 12:00-ზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართველოს პარლამენტში პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

მათთან ერთად არ იქნებიან „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“ და სავარაუდოდ, „გირჩი“. მათგან მხოლოდ „მოქალაქეებს“ არ უთქვამთ, რომ მანდატებზე უარის თქმას აპირებენ. ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ეს მოლაპარაკების პროცესის საბოტაჟი იქნება. ცალსახად ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა რა პროცედურას გაივლიან, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია „გირჩის“ სიის სამ წევრს – ხვიჩიას, მეგრელიშვილსა და რაქვიაშვილს. საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშია“-ში შემავალმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა მანდატების დათმობაზე ხელს მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მოაწერენ.