დღესითვის უკვე გაყიდულია 15 ათასი სამგზავრო აბონემენტი - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტრანსპორტში გადახდის ახალ სისტემაზე ისაუბრა, რომელიც გუშინ ამოქმედდა.

კახა კალაძის განცხადებით, გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა თითქოს ერთთვიანი სამგზავრო აბონიმენტის ღირებულება 150 ლარია.

თბილისის მერის განცხადებით,  ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია.  მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია  მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას  ემსახურება.

„მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ძველი შეღავათიანი ტარიფი კვლავ ძალაში რჩება.

„რაც შეეხება გადახდის ახალ სისტემას, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეისათვის უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი.

ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10, 20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა. პირველი თებერვლიდან ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსის მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე შეღავათით. დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს შეღავათით“, – განაცხადა კახა კალაძემ.