დღევანდელი აქციით ქართველმა ხალხმა მყარად დაადასტურა არჩევნების შედეგების მხარდაჭერა - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს მათი ვარაუდი პარლამენტში პარტიების შესვლასთან დაკავშირებით გამყარდა.

„ის პროცესები, რომლებიც დღეს წარიმართა, ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრება, ბუნებრივია, დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია შემოვა საქართველოს პარლამენტში. ეს სჭირდება  არა „ქართულ ოცნებას”, ეს სჭირდება ქართველ ხალხს და დემოკრატიას. მრავალპარტიული პარლამენტი ეს არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების შედეგი. დემოკრატია რომ განვითარდეს, საჭიროა მრავალპარტიული პარლამენტი და ის აუცილებლად შედგება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე დასმულ კითხვას კი უპასუხა: „დღეს, მე მგონი, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი. პიკზე იყო 7000-მდე ადამიანი. მათ სჭირდებათ ხოლმე აქციის დასრულების დროს გასასვლელი და ეს გასასვლელი მათთვის ცესკო აღმოჩნდა. მივლენ ცესკოსთან, მერე დაიშლებიან და როგორ გააგრძელებენ, არ ვიცი, მაგრამ დღეს ყველაფერი გამოჩნდა. დღევანდელი აქციით ქართველმა ხალხმა მყარად დაადასტურა იმ არჩევნების შედეგების მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა 31 ოქტომბერს, როდესაც მილიონამდე მოქალაქემ „ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი. 7000-კაციანი აქციის ფონზე ასეთი მოთხოვნების დაყენება ბუნებრივია არარეალისტურია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.