დიდი გამოხმაურება გვაქვს, საქართველოს ყველა კუთხიდან იმორიგევებენ ჩვენთან ერთად კარვებში - გოლეთიანი

პუბლიკა

სოფელ ოფურჩხეთის ნაცვლად ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია ხვალ, 28 თებერვალს პირველ საათზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, – ამის შესახებ ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, აქციის გამართვის ადგილის ცვლილება პროვოკაციებისგან თავის არიდებისა და უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტეს.

გოლეთიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი პროტესტი არის მშვიდობიანი და სხვა რადიკალური ფორმების გამოვლინება ისევ და ისევ ხელისუფლებისა და კომპანიის წისქვილზე ახსამს წყალს. ამიტომ მან მოუწოდა აქციაში მონაწილეობის მსურველებს, რომ მათი პროტესტის ფორმები იყოს მშვიდობიანი. მისივე თქმით, პროვოკაციებზე აყოლა მათი ბრძოლის დასასრული იქნება და რომ ეს ყველაფერს წყალში ჩაყრის.

მან მოკლედ ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ორშაბათიდან რიონის ხეობის მოსახლეობასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც იმორიგევებენ კარავში.

„ორშაბათიდან, საქართველოს ყველა კუთხიდან, დაგეგმილი გვაქვს, რომ 80-დან 100 კაცამდე ყოველდღიურად იქნება, იმორიგევებს ჩვენთან ერთად კარვებში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და გზა, რა გზითაც მივდივართ და როგორ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი ჩვენთვის სასარგებლოდ.

არის დიდი გამოხმაურება მთელი საქართველოდან და ყველა კუთხე მორიგეობით იქნება რიონის ხეობაში, ვიდრე კომპანია „ენკა” არ წავა ჩვენი მიწიდან”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


ადგილობრივი მოსახლეობა 126-ე დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.

მათი მოთხოვნებია:

„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.

სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.