დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ - ივანიშვილი წინა ხელისუფლებაზე

პუბლიკა

„დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეაფასა.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;

ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო – სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.

მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება” ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.

ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი, მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.


„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრდის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის გამო აქცია/კონცერტი იმართება. აქციაზე „ქართლი ოცნებამ“ რეგიონებიდან ადამიანები ჩამოიყვანა. აქციაზე არიან სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები.

LB loan image desktop LB loan image mobile