ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი, მარიამ ლაშხი მას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივის, რომელშიც ის ლაშხს „მონას“ ეძახის.
ჟორჟოლიანის თქმით, პროცესი ხვალ, 12 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.
„ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე. მონა ხარ, მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის. მოსამართლეა ნინო ენუქიძე. პროცესი 15:00 ადვოკატი მჭირდება, ვის გცალიათ?“ — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე.
—–
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს განაცხადა, რომ ფრაქციის წევრთა შეურაცხყოფის კამპანიის პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.
მისი თქმით, სარჩელი დაეფუძნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდა.
კირცხალიამ მედიის შეკითხვებზე საპასუხოდ დააზუსტა, რომ საჩივარი ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „უბინძურეს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“. მას საჩივრის ადრესატები არ დაუსახელებია და თქვა, რომ „როგორც კი მიუვათ უწყებები, ისინი თვითონ გამოგეხმაურებიან მედიას.“