ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო პოლიციამ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო.

ეს მუხლები ძალადობას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.

რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული”. – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

როგორც „პუბლიკის“ რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ, უზიანებენ ტექნიკას და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

მათ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას იუწყება „ტელეკომპანია პირველი“. ფოტოზე ასახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორი, რომელსაც ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ საუბრობს „ფორმულა“, რომელიც იუწყება, რომ მათ გადამღებ ჯგუფს სცემეს; „ტაბულა“, რომელიც აცხადებს, რომ მათ ჟურნალისტს თავში კეტი ჩაარტყეს, „რუსთავი 2“, „ნეტგაზეთი“, „on.ge“ „მთავარი არხი“.

დაშავებული მედიის წარმომადგენლების განახლებადი სია:

მარიამ ქუმსიშვილი – ჟურნალისტი
მარიკა გოცირიძე – ჟურნალისტი
გიორგი პერტია- ჟურნალისტი
სალომე ბოკუჩავა – ჟურნალისტი
შოთა სიკინჭალაშვილი – ოპერატორი
ზურა მანაგაძე – ოპერატორი
გიორგი კვიწინაძე – ოპერატორი
ბექა ათაბეგაშვილი – ოპერატორი. დამტვრეულია „რუსთავი 2-ის“ ორი კამერა;
ლუკა პერტაია „ნეტგაზეთი“ – მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მაკო ჯაბუა – ჟურნალისტი
რუსუდან ჯაბანიშვილი – ჟურნალისტი
გურამ თოდაძე – ოპერატორი.
დაზიანებულია „ტვ პირველის“ ორი კამერა და ჩართვის აპარატი.
თამთა კახაბერიძე – on.ge ჟურნალისტი
ილია თვალიაშვილი – ოპერატორი
მირანდა ბაღათურია – ჟურნალისტი
ალექსანდრე ლაშქარავა – ოპერატორი
ლუკა ხაჩიძე – ჟურნალისტი

მედიის ჩამონათვალი განახლდება. „პუბლიკა“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას.

დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშის გამართვაა დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილები. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.