„ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ კვლევას ავრცელებს.

TI აღნიშნავს, რომ შეისწავლეს მაჟორიტარი კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

TI-ის ძირითადი მიგნებები:

► „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 16 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (13 – თავად, ხოლო 3-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 16 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 113 კომპანიასთან. თუმცა, ამ კომპანიების ნახევარი (56) დაკავშირებულია მხოლოდ 2 მაჟორიტარ კანდიდატთან: კახაბერ ოქრიაშვილთან და ცეზარ ჩოჩელთან.

► 17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებს და ბიზნესპარტნიორებს 2012-2020 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 621 987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285 302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა. პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით): ცეზარ ჩოჩელი – 134 000 ₾, კახაბერ ოქრიაშვილი – 90 000 ₾, დავით კირკიტაძე – 77 000 ₾, ნანუკა ჟორჟოლიანი – 62 500 ₾ და ხატია დეკანოიძე – 52 000 ₾.

► 8 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) სხვა პარტიის შემომწირველიცაა: „ქართული ოცნება“ – 757 780 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი – 388 000 ₾, როლანდ ფიფია – 175 000 ₾, ცეზარ ჩოჩელი – 69 780 ₾, დილარ ხაბულიანი – 65 000 ₾, მანუჩარ კვირკველია – 60 000 ₾); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 145 000 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი – 85 000 ₾, ცეზარ ჩოჩელი – 60 000 ₾); „პატრიოტთა ალიანსი“ – 113 500 ₾ (ნატო ჩხეიძე); „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2 398 ₾ (ლევან ხაბეიშვილი – 1 898 ₾, ნატო ჩხეიძე – 500 ₾); „ევროპული საქართველო“ – 2 000 ₾ (ვაჟა ჩიტაშვილი).

► მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186,711 ₾. ეს კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე, კახა გეწაძე, გიორგი კაპანაძე, ნატო ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი.

► კახაბერ ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული კომპანიები ასევე არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კანდიდატებთან დაკავშირებულ 3 კომპანიას სახელმწიფო პროგრამიდან გარკვეული თანადაფინანსება აქვს მიღებული 30,306,480 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე.

► მხოლოდ 1 კანდიდატი, ბონდო თევდორაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.