ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს რეპუტაციას - ბრიტანეთის საელჩო

პუბლიკა

„თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას“, – ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლების შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.

დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, უზიანებენ ტექნიკას, ხელს უშლიან საქმიანობაში. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები შეიჭრნენ „პრაიდის“ და „სირცხვილიას“ ოფისებში. „პრაიდის“ გამგეობის წევრები ამბობენ, რომ შსს-ს თანამშრომლები მათ სხვადასხვა ადგილებიდან არიდებენ.

ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ხელისუფლება კი „პრაიდის“ გეგმებს „ნაციონალურ მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ინტერესებს უკავშირებს.

დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი იყო „ღირსების მარში“, თუმცა განვითარებული მოვლენების შემდეგ ორგანიზატორებმა გეგმები ჩაშალეს.