ძალადობის, მუქარის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პლაკატების დაზიანების სავარაუდო ფაქტები – ISFED-ის ანგარიში

პუბლიკა

29 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13;  არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამანიაში მონაწილეობის – 8; სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.

ISFED-ის შეფასებით, მთავარ გამოწვევას ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს. ამგვარი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ერთი მხრივ, ართულებს პოლიტიკოსების დაუბრკოლებელ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ხოლო, მეორე მხრივ,  ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვასა და განხორციელებას. ასევე, გამოწვევად რჩება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთა რაოდენობა იმატებს საარჩევნო პროცესების გააქტიურებისა და არჩვნების დღის მოახლოებასთან ერთად. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა.

„28 სექტემბერს, სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელი არ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ. 27 სექტემბერს ბოლნისში მმართველი პარტიისა და „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატების წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, იქ მყოფმა რამდენიმე პირმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ასევე, ოპოზიციონერი კანდიდატის, ოქრიაშვილის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდამჭერები ჰაერში ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდანაც. მიგვაჩნია, რომ ბოლნისისა და დმანისის ოლქში შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია სამართალდამცავებმა დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი ძალადობის ფაქტები, ხოლო პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა უარი თქვან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე…

რამდენიმე მინიციპალიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ადგილი აქვს მხარდამჭერებზე ზეწოლას და მათი გადაბირების მცდელობებს. პოლიტიკოსთა განცხადებით, ამის გამო მათ უჭირთ ადგილზე კადრების მოძიება, ხოლო მათი მხარდამჭერები და წარმომადგენლები უარს ამბობენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მიუთითებენ თავიანთი ლიდერებისა და წევრების მიმართ თვალთვალზე, მათ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებაზე, რაც უხერხულობას უქმნის მათ მხარდამჭერებს…

კვლავ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები. აბაშაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს. ასევე, 300  რუსთაველი სტუდენტი ადგილობრივი  ბიუჯეტიდან დაფინანსდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აღნიშნავენ, წელს ეს სტუდენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა, 2018 წელს 33, ხოლო 2019 წელს 157 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ერთჯერადად დაფინანსდა. გასაცემი თანხა ქულების შესაბამისად 800-დან 1200 ლარამდეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა და არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდში მუნიციპალუტეტის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული ხარჯისთვის, 1 032 100 ლარით გაზარდა.

საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისები. ახალარჩეულ კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები,  მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ააიპების თანამშრომლები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან. მართალია, ზემოაღნიშნული პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს“, – წერს ISFED.