ძალიან ბევრი დავთმეთ. ამის ფუფუნება არ გვაქვს - ტიკარაძე ე.წ. კომენდანტის გადაწევაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის არ არის მომხრე, რომ ე.წ. კომენდანტის საათმა 1 საათით მაინც გადაიწიოს და 10 საათიდან ამოქმედდეს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა ისედაც ბევრი დათმეს, როდესაც მხარი დაუჭირეს სხვადასხვა შეზღუდვის მყისიერ მოხსნას. მისი თქმით, გადაადგილების შეზღუდვა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი და მისი აზრით, ქვეყანას ამ ეტაპზე არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ დათმობაზე წავიდეს – ამ მიმართულებით შეზღუდვა შეამსუბუქოს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – რატომ არ არის შესაძლებელი, შეზღუდვის საათმა 9-იდან 10 საათამდე რომ გადაიწიოს, თქვენ, პირადად, დაუჭერდით ამას მხარს საკოორდინაციო საბჭოზე? ტიკარაძე პასუხობს:

„არა, მე ამას მხარს არ დავუჭერდი. ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა გააკეთეს ძალიან ბევრი დათმობა. ჩვენ ავიღეთ საკმაოდ დიდი რისკი თავზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების ასეთ მყისიერ მოხსნას. ჩვენ რეალურად დაგვრჩა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში 19 საათზე, 20 საათზე იწყება ეს შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ 21 საათი არის ის ოპტიმალური დათმობა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თავის დროზე”, – განაცხადა მინისტრმა.

შეკითხვაზე – ცოტა მეტი როდის შეიძლება, რომ დათმოთ, რამდენ ხანში? ის პასუხობს:

„იცით, ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება. გამომდინარე იქედან, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე გვაქვს გარკვეული მატება ინფიცირების. მე ვთვლი, რომ შემდეგი პერიოდის მანძილზეც საკმაოდ შეზღუდულები ვიქნებით ამ ფუფუნებისგან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავთმოთ, ვინაიდან, თითოეული შეზღუდვის მოხსნა, გადის გარკვეულ რისკებთან, ეს რისკები არის საკმაოდ მაღალი და თითოეული რისკი შემდეგ ხდება ჩვენი თითოეული მოქალაქის შესაძლო ლეტალური გამოსავლის მატარებელი. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, ამის უფლება ჩემი მოქალაქეების წინაშე არ მაქვს”, – აღნიშნა ტიკარაძემ.