ძველმანების ბაზრობაზე ჩემოდანში აღმოჩენილი უნიკალური ფოტოები | გამოფენა თბილისში

პუბლიკა

1930-იანი წლების თბილისი, აღლუმები დედაქალაქის ქუჩებში, საბჭოთა ბელადების ფოტოები, უნიკალური პორტრეტების სერია – თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდ ჩემოდანში უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევრები იპოვეს.  ჩემოდანში 500-მდე მინის ნეგატივი იდო.

„ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“ –  ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დღეს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ (SOVLAB)  არტარეას საგამოფენო სივრცეში გახსნა.

საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირაკლი ხვადაგიანი ჰყვება, რომ  ერთი წლის წინ ძველმანების ბაზრობაზე 400-500 მინის ნეგატივით სავსე ჩემოდანი იყიდა. როგორც ის ამბობს, ნეგატივები შეიძინა ორგანიზაციისთვის (სოვლაბისთვის), რის შემდეგაც დაიწყეს ფოტოების დიგიტალიზაცია, ამ პროცესში კი უცნობი ფოტოგრაფის უნიკალური და საინტერესო ფოტოები აღმოაჩინეს. ფოტოები 1920-1930-იანი წლების თბილისს გვიჩვენებს.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ უცნობი ფოტოგრაფი ამ წლებში, ტოტალიტარიზმის დამყარების აქტიურ ფაზაში თავისუფლად იღებს და გვიჩვენებს იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა.

„ამ დროს ფოტოგრაფები რეჟიმის სამსახურში დგანან, იღებენ იმას რაც რეჟიმს უნდა, ამიტომ უნიკალურია ამ ფოტოგრაფის სამუშაო, რომელიც გასწია, იღებდა და აფიქსირებდა ყოფას, რეალობას შეულამაზებლად. სიანტერესო ხედით იღებდა, თითქოს, ავტორმა იცოდა, ერთი საუკუნის შემდეგ რა დაგვაინტერესებდა ჩვენ.

ფოტოებში ვხედავთ ოფიციალურ ღონისძიებებს, ვხედავთ ქალაქს, კურორტებს, სპორტულ ღონისძიებებს… უნიკალური სერიაა პორტრეტების, სავარაუდოდ მისი მეზობლები, მეგობრები, კოლეგები. მცირე ნაწილია, იღებდა შიშველი სხეულის ფოტოებს, უნიკალურია 30-იან წლებში როგორი აღქმა იყო სხეულის”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ფოტოგრაფი უცნობია, მაგრამ წარმოდგენილ ფოტოებში რამდენიმე, სავარაუდოდ, ავტოპორტრეტია.

გამოფენის კურატორია ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. მისი თქმით, უცნობი ფოტოგრაფის საუკუნის წინანდელი ფოტოები უნიკალური ფოტომასალაა.

„ეს პროფესიონალი ფოტოგრაფი არ არის, მოყვარული ფოტოგრაფია, ფოტოები არ არის გაკონტროლებული, ხელმა არ გადაუარა, ამიტომ თავისუფლების ნიშას გვაჩვენებს, გვაჩვენებს იმას, რაც იმ დროს ხდებოდა… მადლობა, ვინც გაყიდა… ვინც იყიდა, ვინც გაამჟღავნა…”, – ამბობს ფოტოგრაფი.

გამოფენა 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. ფოტოების ნახვა ნებისმიერ მსურველს არტარეას საგამოფენო სივრცეში შეუძლია.