ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო, შესაძლოა, 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდეს. ამის შესახებ გახარიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„განათლების სამინისტრო დღეის მონაცემებით ამბობს, რომ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ არ განახლდა სკოლებში, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ არის გარკვეული სტანდარტები. განათლების სამინისტროს დღეს აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ცალკეული სკოლები მზად არიან, მოსწავლეებთან დისტანციურად კომუნიკაცია და სწავლა უზრუნველყონ, მაგრამ განსხვავებული სიტუაციაა რეგიონებში, სადაც  ბევრ ბავშვს ინტერნეტზე წვდომაც კი არ აქვს.

„ ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა. ამიტომ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქვს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა გახარიამ „რუსთავი2-ის“ ეთერში.