უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატარიას გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენებაზე უარი უთხრეს. 26 წლის ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა. აღნიშნულ ამბავს საზოგადოებაში დისკუსია მოჰყვა და გაჩნდა კითხვა – ხომ არ უკავშირდებოდა გადაწყვეტილება გარდაცვლილის მამის უკრაინაში საბრძოლო გამოცდილებას.
ახალგაზრდა ქალის გარდცვალების ზუსტი მიზეზი და ექსპერტიზის დასკვნა მედიისთვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ სოციალურ ქსელში დისკუსიის საგანი ასევე გახდა აბორტი და გარდაცვლილის ეკლესიაში დასვნების საკითხი.
ამ დისკუსიას წინ უძღოდა მიქაელ ბრეგვაძის პოსტი, რომელიც დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა და ამბობდა, რომ „ტაძარში დასვენების უარის თქმის მიზეზი მართლაც ომი იყო, ოღონდ არა რუსეთ-უკრაინის, არამედ ის ქიმიურ-ბიოლოგიური ომი, რომელიც დედამ მუცლადმყოფი საკუთარი უმწეო შვილის წინააღმდეგ დაგეგმა და რომელსაც, სამწუხაროდ, შვილთან ერთად თავადაც ემსხვერპლა“.
2019 წელს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით იღუმენი მიქაელ ბრეგვაძე საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია. უცნობია, მუშაობს თუ არა ის ისევ ამ თანამდებობაზე.
„პუბლიკა“ ცდილობს ბეგვაძესთან დაკავშირებას, რომ ჰკითხოს გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებაზე.
დისკუსიის პასუხად ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ „პუბლიკას“ მოკლე შეტყობინება გამოუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ეკლესიაში დასვენებაზე უარი გარდაცვალების მიზეზს უკავშირდებოდა.
„პუბლიკა“ ესაუბრა დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას, რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს. როგორც მან გვითხრა, ეკლესიამ გარდაცვლილს წესი აუგო, ეკლესიაში დასვენებაზე კი უარი უთხრა.
„ეს იქნებოდა აბორტის პოპულარიზაცია. ეკლესია ასეთ საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევს. წესის აგებაა მთავარი, ლოცვაა მთავარი, სულის გადარჩენაა მთავარი, თორემ ახლა ეკლესიას რაც არ შეუძლია და არ ძალუძს, იმას ხომ ვერ გააკეთებს.“ – ამბობს ჭანტურია.
ქალთა უფლებების დამცველის, იდა ბახტურიძის შეფასებით, იღუმენის განცხადება საყურადღებოა და სახიფათო პრეცედენტს ქნის.
„თუ ეს ინფორმაცია ოჯახის თანხმობის გარეშე გასაჯაროვდა, ეს მხოლოდ ეთიკის საკითხი არ არის. ეს არის გარდაცვლილი ქალის პირადი ცხოვრების ხელყოფა, მისი ღირსების შელახვა და ტრაგედიის გამოყენება მორალური განაჩენის საჯაროდ გამოსატანად. ადამიანის ღირსება სიკვდილის შემდეგაც დაცული უნდა იყოს.
ამასთან, ვფიქრობ, ამ შემთხვევას მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედიად ვერ განვიხილავთ. ხშირად მესმის კითხვა – რატომ ანიჭებთ ამხელა მნიშვნელობას, ვის აუგებს ეკლესია წესს და ვის არაო.
ჭეშმარიტად სეკულარულ სახელმწიფოში ეს, მართლაც, მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტის შიდა საკითხი იქნებოდა, მაგრამ საქართველოს რეალობაში არაერთხელ გვინახავს, როგორ იქცევა ეკლესიის პოზიცია ჯერ საზოგადოებრივ ნორმად, შემდეგ კი სახელმწიფო პოლიტიკად და კანონმდებლობად. სწორედ ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილებები აღარ არის მხოლოდ ეკლესიის შიდა საქმე, ეს უკვე საზოგადოებრივი ინტერესის საკითხიცაა.
თუ დღეს გზავნილი არის, რომ ქალის რეპროდუქციული არჩევანი შეიძლება სიკვდილის შემდეგაც გახდეს საჯარო მორალური განკითხვისა და რელიგიურ რიტუალზე უარის საფუძველი, ეს მხოლოდ ამ ერთ ქალს აღარ ეხება. ეს ქმნის ძალიან სახიფათო პრეცედენტს და გვაჩვენებს, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური დამოკიდებულება ქალების სხეულის, რეპროდუქციული უფლებებისა და პირადი ავტონომიის მიმართ.
სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე. არა იმიტომ, რომ სხვისი პირადი ცხოვრება განვიხილოთ, არამედ იმიტომ, რომ ვხედავთ, რა პრეცედენტს ქმნის გავლენიანი ინსტიტუტი. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხში ჩაღრმავება და იმის შეხსენებაც, რა შედეგი შეიძლება, ჰქონდეს ასეთ პრაქტიკას ხვალ ქალების უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის”. – ამბობს იდა ბახტურიძე.
„ეს თემა, რომელიც ახლა წამოიჭრა, საკვანძოა და ღრმა ფესვები აქვს. ცუდი არ იქნებოდა, რომ მედიაგანზომილებში დისკუსია გამართულიყო.“ – ამბობს „პუბლიკასთან“ თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
მისივე თქმით, სიცოცხლის წარმოშობისა და მასზე პასუხისმგებლობის აღების საკითხი მნიშვნელოვანი თემაა.
ქრისტიანობა, რამდენადაც თავს მანიფესტირებს, როგორც სიცოცხლის უპირობო მსახურ ინსტიტუციად, უწმინდეს მოვალეობად მიიჩნევს სიცოცხლის მოსპობის ნებისმიერ ფორმასთან შეწინააღმდეგებას, თუმცა ამ ფუნდამენტური გაგების მიღმა არსებობს თანამედროვე თეოლოგიური მსჯელობები, სადაც საკითხი ასე ერთმნიშვნელოვნად არ დგას, რადგან გააზრებულია, რომ ადამიანი ასეთ ნაბიჯს გარკვეული მიზეზების გამო დგამს. ასევე შემოდის მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხიც.
ის საუბრობს სხვადასხვა ქვეყანაში დაფუძნებულ პრაქტიკებზე. მაგალითად, ამბობს, რომ თვითონ ეკლესიებშიც არსებობს სპეციალური სამსახურები, სადაც სოციალურ მუშაკს წყვილის მხარდაჭერა აქვს დავალებული. ის ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიაში მსგავსი მიდგომის არსებობაზე არ სმენია და საქართველოში ე.წ. რუსული სტილია გაბატონებული.
„რუსული სტილი გულისხმობს პასუხისმგებლობის აკიდებას წყვილზე და განსაკუთრებით ქალზე. რუსულ ანთროპოლოგიურ ფილოსოფიაში ჩამოყალიბებულია მოსაზრება, რომ ქალმა შვილი უნდა გააჩინოს, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობაა“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
„მას შემდეგ, რაც არჩეული იქნა მისი უწმინდესობა შიო მესამე, ჩვენ თეოლოგები, ეკლესიის ისტორიისა და ანალიტიკით დაინტერესებული ადამიანები უკვე ვვარაუდობდით, რომ ერთ-ერთი პირველი, რასაც ის მკაცრად მიუდგებოდა, იყო აბორტის საკითხი, რომელსაც ის მრავალჯერ ახსენებდა ქადაგებებში და განიხილავდა ამ საკითხს სრულიად ერთმნიშვნელოვნად.
ის არასოდეს საუბრობდა სოციალურ განზომილებაში, არასოდეს ანაწილებდა პასუხისმგებლობას ორ პერსონაზე, არასოდეს უთქვამს, რომ ეკლესიასაც აქვს გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა. მან გადმოაკოპირა რუსული სტილი. ის ახსენებდა დემოგრაფიას. რომ მოსახლეობა ნაკლებია საქართველოში. თეთრკანიანი ქართველები გადაშენების პირას დგანან. მათ ადგილს იკავებენ უცხო ტომელები და საჭიროა, გაჩნდეს ბევრი ბავშვი.
თვითონ ეს ამბავი რამდენიმე საკითხს ააშკარავებს – ამ გოგონას სახით უნდა წარმოვიდგინოთ დიდი რყევების წინაშე მდგარი ადამიანი, რომელმაც შეიძლება, მართლაც მიმართა რაღაც გზას და გარდაიცვალა ამის გამო.
ჯერ ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა სამედიცინო დასკვნა. ეს დასკვნაც ამოდის რაღაც დაშვებიდან და არცერთი არაა ასტრონომიული სიზუსტის, მაგრამ ამ მდგომარეობაში მისი ოჯახი იმყოფება სულიერად ისეთ სიტუაციაში, რომ მას მენტალური გამხნევების ნაწილში ეკლესია ეიმედებათ და ჰქონდათ დაუოკებელი სურვილი ამ გოგონას გასვენების ეკლესიის ტერიტორიიდან, რომ ეს სიმბოლური, ბოლო ნუგეში მაინც მიეღოთ ეკლესიიდან.
ეკლესიას ჰქონდა შანსი, არ ეთქვა ეკლესიიდან გასვენებაზე ოჯახისთვის უარი და ეს მომენტი გამოეყენებინა ამ თემის გააქტიურებისა და დისკუსიისთვის. რაღაცნაირად ბიძგი მიეცა ჯანსაღი დისკუსიისთვის. ანუ განზიდვისა და ექსკლუზივის გზა კი არ აერჩია, არამედ ინკლუზიისა და მოეხდინა ამ თემის ინტეგრირება საკუთარ დღის წესრიგში, თუმცა მათ აირჩიეს განსხვავებული გზა.
მათ გადაწყვიტეს, გარიყონ ამგვარი ადამიანები, რომ აჩვენონ, თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამ, ეკლესია უარს გეტყვის ბოლო წყალობაზეც კი.
მეუფე გერასიმე დაახლოებულია ახალ პატრიარქთან და შესაბამისად, თავადაც იზიარებს ამ მოსაზრებებს, გადაწყვიტა, აერჩია ეს გზა.
არავინ ვიცით იმ გოგოს საქციელის სიმძიმე და ამას ათასი თეოლოგი და სასულიერო პირიც ვერ გაზომავს. ამ ადამიანის საქციელის საბოლოო განმსჯელი ღმერთი უფალია, მისი უსაზღვრო განგებულება, რომლის შიგნითაც კონკრეტული და განმსაზღვრელი რა გამოჩნდება, ჩვენ არ ვიცი.“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.