ელეგიები არასაოპერო განზომილებით

დავით ბუხრიკიძე

ანიტა რაჭველიშვილმა  Sony Classical-თან მეორე ალბომი ჩაწერა 

ცნობილი ჩამწერი სტუდიის, Sony Classical-ის თანამშრომლობა   სახელოვან ქართველ მეცო-სოპრანოსთან, ანიტა რაჭველიშვილთან  გრძელდება. ივლისში მომღერალმა მეორე ალბომი ჩაწერა, რომლის სახელწოდებაა Elegie („ელეგიები“).  ეს არის კამერული სიმღერებისგან შემდგარი რეპერტუარი, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილი ხუთ ენაზე მღერის – ქართულად, იტალიურად, რუსულად, ფრანგულად და ესპანურად. რაც უკვე მრავალფეროვნებსა და სიახლეზე მიუთითებს.

პირველი ალბომი ანიტა რაჭველიშვილმა „სონისთან“ და RAI-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაწერა, რომელშიც მხოლოდ საოპერო არიები შევიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური მუსიკის სამყარო ანიტას სწორედ საოპერო დადგმებითა და რეპერტუარით იცნობს, „სონის“ ახალი ალბომი მომღერლის სრულიად ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. მისი ძლიერი, მჟღერი და მასშტაბური ხმა ამჯერად ტრანსფორმირდება  კამერულ რომანსებსა და სიმღერებში. რაც ცხადია, ვოკალურად და ფსიქოლოგიურადაც სრულიად სხვა მიდგომას მოითხოვს მუსიკისადმი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომი თბილისში, სტუდია „ლენო რეკორდსში“ ჩაიწერა, მაესტრო ვინჩენცო სკალასთან ერთად, რომელიც აკომპანირებას უწევს ქართველ მომღერალს. „უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ალბომში ექვსი საოცარი კომპოზიტორის ნაწარმოები შედის და მათ შორის არის ჩვენი საყვარელი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის „მზეო თიბათვის“ – აღნიშნავს მომღერალი. 

მაშ ასე, გაბედული ნაბიჯი გადადგმულია და მომღერლის თაყვანისმცემლებს საშუალება ეძლევათ ოთარ თაქთაქიშვილის რომანსთან ერთად, რუსული რომანსებიც მოისმინოს – სერგეი რახმანინოვის ცნობილი რომანსი Не пой, красавица (პუშკინის ლექსზე) და პეტრე ჩაიკოვსკის „Никто, кроме одинокого сердца“, რაც ძალზე ემოციურ და ორიგინალურ ბმას ქმნის ანიტა რაჭველიშვილის პარტიებთან რუსულენოვან ოპერებში. 

საინტერესოა ალბომში ფრანგული და იტალიური სიმღერებიც. ანიტას ინტერესის სფეროში ამჯერად მოექცა ნაკლებად ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის მარი-ეჟენ დიუპარკის სიმღერა და იტალიელი საოპერო მომღერლების და ფილმების წყალობით ცნობილი პაოლო ტოსტის  Tristezza (“სევდა“). ამ ცნობილ სიმღერას თავის დროზე მღეროდნენ ცნობილი ბარიტონი რენატო ბრუზონი და სახელოვანი ტენორი  ხოსე კარერასი. 

სწორედ ტოსტის ამ სიმღერის მიხედვით გადაღებული კლიპი გაავრცელა „სონიმ“ ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით, რომელიც ინტერნეტით შეიძლება მოიძიოთ და რომელიც ერთგვარ სარეკლამო და საიმიჯო გადაწყვეტილებად შეიძება ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ ალბომის საიმიჯო ფოტო ფოტოგრაფმა და არტისტმა ირმა შარიქაძემ გადაიღო. 

ყველა სხვა მომღერლების მსგავსად, პანდემიამ მთლიანად შეცვალა  მომღერლის საოპერო ცხოვრების რიტმი და დაგეგმილი კონცერტები. მიუხედავად რთული სიტუაციისა, ანიტა რაჭველიშვილმა მოახერხა „მეტროპოლიტენ ოპერის“ მიერ მოწყობილ ონლაინ გალა კონცერტში მიეღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩავიდა საბერძნეთში, სადაც ათენის ნაციონალურ ოპერაში იმღერა. ასევე აღსანიშნავია წლევანელი რამდენიმე გასტროლი ევროპის ქალაქებში.