ელისაშვილმა გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ ქერქაძე წარადგინა

პუბლიკა

ალექსანდრე ელისაშვილმა ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის ოლქებში პარტია „მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი ოთარ ქერქაძე წარადგინა.

„გურია არის სამშობლო ჩვენი, ჩემი პირადად და ჩვენი გუნდის საფიცარი პოლიტიკოსისა. დიახ, პირველ რიგში, ექვთიმე თაყაიშვილი იყო პოლიტიკოსი, იყო ქვეყნის მოამაგე და მოგვცა მაგალითი, რომ პოლიტიკაში ყოფნა ბინძური საქმე კი არ არის, პოლიტიკაში ყოფნა არის ქვეყნის სამსახური და მოგვცა მაგალითი, რომ ჩვენს გუნდში უნდა ვეძებოთ პრინციპული, წესიერი, კვალიფიციური და  ამ ქვეყანაზე, ჩვენს კუთხეებზე, გურიაზე შეყვარებული ადამიანები და ასეთი ადამიანი მსურს, წარვუდგინო გურიას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„თქვენ ხართ გმირები, რომ ასეთი წნეხისა და შიშის ფონზე მოხვედით და დადექით აქ“, – ასე მიმართა ქერქაძემ შეკრებილ მხარდამჭერებს.

„მე წლებია, ვმოღვაწეობ და ვებრძვი ამ უსამართლობას, განუკითხაობას, მაგრამ ვერ შევძელი რაღაცნაირად უკეთესობისკენ წამეყვანა. მე იმედი მაქვს, თქვენი მხარდაჭერით, გურულებო, ამ უსამართლობას, რეჟიმს, საბჭოთა სისტემას ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით უარს“, – განაცხადა მან.


რაც შეეხება სხვა პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებს გურიაში:

„ქართული ოცნება“ – ვასილ ჩიგოგიძე;

„გირჩი“ – ვახტანგ ზენაიშვილი;

„ძალა ერთობაშია“ – მანუჩარ კვირკველია;

„ევროპული საქართველო“ – ხათუნა გოგორიშვილი;

„ლელო“ – გიორგი სიორიძე;

ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ – ინგა მახარაძე;