EMC შს მინისტრს დაუყოვნებლივი რეფორმებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი“ EMC პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებითად ვერ უზრუნველყოფს საპოლიციო და საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას.

მათი თქმით, ბოლო წლებში კვლავ ჩანს უწყების პოლიტიზების მზარდი ტენდენცია, რაც, მათი დაკვირვებით, ყველაზე აშკარად ოპოზიციური პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების შეკრების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების გამოძიების პროცესში გამოვლინდა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს გომელაურის მინისტრობის პერიოდში უწყების ჩაკეტილობას და დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის პროცესების შეჩერებას.

„თვალშისაცემია, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში საპოლიციო ძალაუფლება ხელისუფლების ხელში რჩება იმ ძირითადად ინსტრუმენტად, რომელსაც ის შექმნილი კონფლიქტებისა და უკმაყოფილებების მართვისა და შეკავების მიზნით იყენებს. ამ ვითარებაში ცხადია, რომ ხელისუფლება პოლიციის სისტემას პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და საზოგადოებრივი ნდობის დასუსტების რისკების წინაშე იყენებს და სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ჩვენი პოლიტიკური სისტემის ტრადიციული მახასიათებელი გახდა“, – წერს EMC.

ორგანიზაციის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ სისტემურ გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტის, საპოლიციო/საგამოძიებო დანაყოფებზე ჭარბი პოლიტიკური გავლენების, უწყების მართვის პროცესში პოლიტიკური ფაქტორებისა და ინტერესების ინსტიტუციური გამორიცხვისა და სამინისტროს გაუმჭვირვალობის საკითხები.

მათი თქმით, ბოლო თვეებში დაფიქსირდა უწყების მენეჯმენტის შიგნით სავარაუდო პოლიტიკური მოტივებით საკადრო ცვლილებები ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რაც აშკარად აჩვენებს, რომ საპოლიციო სისტემა პროფესიულზე მეტად, პოლიტიკური ინტერესებით და ლოგიკით იმართება.

„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების არაერთი შემთხვევაც (აქტივისტების და პოლიტიკოსების დაკავება მშვიდობიან შეკრებებზე, ჰესების მოწინააღმდეგე აქტივისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენება), რომელიც სისტემის შიგნით პოლიციელების კვალიფიკაციაზე, სენსიტიურობასა და პასუხისმგებლობის საკითხებზე დამატებითი ძალისხმევის გატარების საჭიროებას ქმნის, თუმცა ამ ცვლილებების შესახებ განმარტებები და გეგმები შს მინისტრის მხრიდან არ მიგვიღია.

ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო დახურულ უწყებად ჩამოყალიბდა, რომელიც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და საჭირო რეფორმების გასატარებლად. კერძოდ, სისტემის დეპოლიტიზების, ანგარიშვალდებულების გაზრდის, საგამოძიებო და საპოლიციო დანაყოფების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგამოძიებო სისტემის რეფორმის მიმართულებით.

პრობლემურია ისიც, რომ წინა წლებში გატარებული, არაერთი რეფორმის მიუხედავად, უწყება კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიან პრევენციას, აგრეთვე ქალი და ბავშვი მსხვერპლების უფლებების სათანადოდ დაცვას, ოჯახში ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან პრევენციასა და ასეთი ტიპის დანაშაულების სწრაფ გამოძიებას (ლუკა სირაძის საქმე, ქობულეთში 14 წლის მოზარდი გოგონას საქმე). ამ კუთხით, ზოგად გაუმჯობესებას საჭიროებს დანაშაულის პრევენციის სტრატეგია, რაზეც ასევე არ დგამს უწყება ქმედით ნაბიჯებს.

საზოგადოებას აგრეთვე არ აქვს ინფორმაცია, რა ზომებს ატარებს უწყება გახმაურებული საქმეების გამოძიების მიზნით. შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში, განსაკუთრებით პრობლემურია საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვის მზარდი ტენდენცია.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კრიზისულ პოლიტიკურ ვითარებაში მაღალ დონეზე იყოს დაცული მშვიდობიანი პოლიტიკური გამოხატვის ფორმები და სამართალდამცავი უწყება უსაფუძვლოდ განუხრელად იცავდეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მაღალ სტანდარტებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებითი გვგონია პარლამენტში დაგეგმილი მოსმენის ფორმატში მინისტრმა უპასუხოს საზოგადოებაში დაგროვილ სისტემურ კრიტიკას შსს-ს მიმართ და პოლიტიკურ აქტორებსა და საზოგადოებას გაუზიაროს კონკრეტული და გაზომვადი ხედვები უწყების შიგნით დაგეგმილი სისტემური ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ.

ამ პროცესში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია შსს არსებულმა მენეჯმენტმა გაზარდოს საკუთარი მუშაობის გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი და სამოქალაქო ორგანიზაციებთან სამუშაო და საკომუნიკაციო ფორმატები აღადგინოს“, – წერს EMC.


„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი ვახტანგ გომელაურს დღეს მოუსმენს.