ენგურთან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ენგურის ხიდთან 17:00 საათზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბებუას ოჯახს და მთავრობას ოკუპირებულ რეგიონებში დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდეს.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, იმ ადგილას, სადაც გადის საოკუპაციო ხაზი. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა ირაკლი ბებუას მიმართ. ადამიანისადმი, რომელიც გახდა საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. გამოვხატოთ სოლიდარობა მისი ოჯახის მიმართ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუწოდოთ ხელისუფლებას მოქმედებისკენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ისე იტაცებენ ადამიანებს, ისე აპატიმრებენ, ისე ლახავენ მათ უფლებებს, ხელისუფლებისთვის ეს ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს.

ჩვენ არ გვინახავს არც ერთი განცხადება იმის შესახებ, თუ რა მოქმედებებს გეგმავენ, როგორ მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორ მუშაობენ ამ თემაზე. რომ ვიხსნათ ტყვეობისგან ჩვენი მოქალაქეები როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდან. ამიტომ ჩვენი ვალია, როცა ხელისუფლება დუმს, ჩვენ ვისაუბროთ და არავის ეგონოს, რომ გვავიწყდებიან ეს ადამიანები და ვეგუებით ამ მდგომარეობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ აქციაზე.


საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 30 სექტემბერს დააკავეს კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. ვიდეოში, რომელზეც ირაკლი ბებუა, სავარაუდოდ, დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, თავად ადასტურებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად დაწვა, სიმბოლურად.

მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ხელყუმბარა РГ-42, რის გამოც მას ბრალი დაუმძიმდა.

თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ირაკლი ბებუას მიერ, სავარაუდოდ, განხორციელებული ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ ბრალი ხელოვნურად დაამძიმა.

7 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.