მიგრაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონშიც.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ უმაღლეს სასწავლებელში, პროფესიულ სასწავლებელში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტის მიღების საფუძველი იქნება:
- საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად)
- ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება.
კანონპროექტის მიხედვით, გამოცდა ჩატარდება საგანმანათლებლო სწავლების ენის შესაბამისად, ხოლო ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტს მოუწევს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.
ამავე კანონპროექტით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება.
უნივერსიტეტებს და პროფესიულ სასწავლებლებს მთავრობის დადგენილებით განესაზღვრებათ უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირთა ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობა, ჩარიცხვის პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები.
ასევე, წარმოდგენილი კანონის პროექტით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ჩაეთვლება უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა
იგივე ცვლილებები შეეხება მაგისტრანტობის კანდიდატ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდებს არ აბარებს.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სწავლის დასრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია ასახოს ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომელზეც წვდომა ექნებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:
- სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
- საგარეო საქმეთა სამინისტროს
- შინაგან საქმეთა სამინისტროს
- ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება.
საქართველოს მთავრობა 2026 წლის 1 ივლისამდე განსაზღვრავს უცხო ენის სერტიფიკატის ჩამონათვალს, ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობას, ჩარიცხვის პერიოდულობას, აგრეთვე სწავლის წესსა და პირობებს.
განათლების სამინისტრო ასევე 1 ივლისამდე უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სახელმწიფო უწყებების წვდომას.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება, საინფორმაციო სისტემაში წვდომის უზრუნველყოფამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესთან და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია.
შსს უფლებამოსილი იქნება, განათლების სამინისტროსგან გამოითხოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესთან და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია.
კანონის ძირითადი ნაწილი პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოელი სტუდენტების მიღების კვოტა „პიველ რიგში შეეხება კერძო უნივერსიტეტებს“. მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს დაწესებული აქვთ 5%-იანი ზღვარი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებისთვის მოსალოდნელია კვოტების გაფართოებაც, რაც აკრედიტაციის პროცესით განისაზღვრება.
„პირველ რიგში რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს 5%-იანი სტანდარტი და მივყვებით ამ სტანდარტს და ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დამატებითი შემოსავალი სახელმწიფოსთვის, ჩვენ გვაქვს პრინციპი, რომელიც ასახული იყო განათლების რეფორმის კონცენფციაში, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ამოცანების შესრულება უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და ბიზნესი უნდა აკეთონ კერძო უნივერსიტეტებმა. ჩვენთვის იქნება ეს ზღვარი დაწესებული, 5%-ს არ ავცდებით, როდესაც საუბარია კვოტებზე.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ იცით, არსებობს ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის პროცედურების მიხედვით მიენიჭება კვოტები კონკრეტულ უნივერსიტეტებს. ეს იქნება სტანდარული პროცესი, რომელიც აქამდეც ასე იყო დადგენილი და ასე იქნება მომავალში ეს პროცესი უზრუნველყოფილი. კვოტებს ანიჭებს ავტორიზაციის პროცესის საფუძველზე სახელმწიფო უნივერსიტეტებს, არსებითად არაფერი იცვლება“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, შარშან „კონკრეტული მიზეზების გამო ერთგვარი მორატორიუმი ჰქონდათ გამოცხადებული კერძო უნივერსიტეტებისთვის უცხოელ სტუდენტებზე კვოტების გაზრდაზე“, მათ შორის იმისთვის, რომ სისტემა კორუფციის რისკებისგან დაზღვეული ყოფილიყო.
„გარკვეული პროცესები არ მოგვწონდა, ამის გამო გამოვაცხადეთ მორატორიუმი, შესაბამისად, დაგროვილიც არის ახლა რესურსი კერძო უნივერსიტეტებში და წელს გაიხსნება კვოტების გაფართოების რესურსი. მთლიანობაში გაიზრდება კვოტები, რამდენად და როგორ, ეს იქნება დამოკიდებული ავტორიზაციის პროცესზე. დიდი შემოსავალი შემოაქვთ უცხოელ სტუდენტებს ეკონომიკაში, მთლიანობაში 1%-ზე მეტია წილი ჩვენს ეკონომიკაში და შესაძლებელია, 2-3-წლიან პერიოდში 2%-მდეც ავიდეს ეს წილი, ეს რესურსი ასათვისებელია და აქ არავითარი უხეში პრაქტიკა არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მან რამდენადაც იცის, ეს კანონპროექტი არსებითად შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და შემდეგ განავრცეს მისი შინაარსი მთლიანად სისტემაზე.
„ჩემი ინფორმაციით, რამე რომ არ შემეშალოს, დაინიცირდა ეს კანონპროექტი იმისთვის, რომ მოწესრიგებულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და შემდეგ არასწორად განზოგადდა ეს საკითხი.
რეალურად, პროცესი იქნება ასეთი, ჩვენ ვიზღუდავთ კვოტებს სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილში, ვიკეტებით 5%-ზე, რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში გადანაწილდება კვოტები, მათ შორის უცხოელი სტუდენტების ნაწილშიც“, – განაცხადა კობახიძემ.