„ენმ – ძალა ერთობაშიას“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოფიციალურად მიმართეს

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული შვიდი დეპუტატიდან ექვსმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას უმაღლესი საბჭოს მიღმა გააგრძელებენ.

„ეს არის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო. ჩვენი შესვლით არ მივცემთ ლეგიტიმაციას გაყალბებული არჩევნებით მოსულ უმაღლეს საბჭოს. სამწუხარო ისაა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ მარტო დარჩნენ. რაც არ უნდა აპელირებდნენ იმით, რომ ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შევიდა, ისინი მაინც ერთპარტიულ რეჟიმში რჩებიან. აბა, დამისახელონ, რომელ პარტიაშია ჩავლეიშვილი, ის არის „ოცნების“ ჩვეულებრივი მე-15 დეპუტატი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

პარტიული სიიდან უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება დეპუტატმა, „რესპუბლიკელების“ ყოფილმა წევრმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა მიიღო.

„ჩვენ ვერავის გავუწევთ ექსპლუატაციას და ვერ ვაიძულებთ მუშაობას, თუ ეს მათ არ უნდათ. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრების განცხადებები ახალი წლის შემდეგ დაკმაყოფილდება“, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით არჩეული ექვსი დეპუტატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭო ერთპარტიული არ არის.

„აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაგრძო საქმიანობა. ზოგადად კი უმაღლესი საბჭო მაშინ იქნებოდა ერთპარტიული, თუ ამომრჩეველი მხოლოდ ერთ პარტიას გამოუცხადებდა ნდობას. იმუშავებს თუ არა ოპოზიცია, ეს მათი ნებაა. ვფიქრობ, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა და ადრე თუ გვიან, ყველა საკუთარ შეცდომაზე აგებს პასუხს, რა თქმა უნდა,  პოლიტიკურ პასუხს ვგულისხმობ“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.