„ენმ – „ძალა ერთობაშიას“ წევრები პარლამენტს მანდატების გაუქმებაზე მიმართავენ

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების განცხადებით მიმართავს.

ამ დროისთვის [12:00] პარლამენტში განცხადება შეიტანეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა და „რესპუბლიკელებმა“. მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ბლოკში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს ანალოგიური განაცხადით.

„ერთხმად, ერთსულოვნად, პრაქტიკულად ყველა ჩვენი ბლოკიდან, დღეს შემოიტანს განცხადებას და ველით უმრავლესობისგან შესაბამის გადაწყვეტილებას. ან ისინი შეგვიწყვეტენ უფლებამოსილებას და დარჩებიან ერთპარტიულ პარლამენტში ან ამ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მათივე გაყალბებით, მათივე დანაშაულებრივი საქმიანობით შეიქმნა, გადაწყვეტენ პოლიტიკური შეთანხმებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღეს პარლამენტს განცხადებით მიმართეს „რესპუბლიკელებმა“ – თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დამთავრების შემდეგ მიმართავდნენ პარლამენტს ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე.

„ჩვენი დღევანდელი ნაბიჯი არ არის მოულოდნელი გადაწყვეტილება. ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა 1 ნოემბრიდან, როცა ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის მთლიანად ბოიკოტის რეჟიმში და მზად არის, დათმოს მანდატები.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა გააზრებული და არ აღიარებდა, რომ ოპოზიცია ბოლომდე მიიყვანდა პროცესს. ცდილობდა ივანიშვილი და მისი გუნდი, ბზარი შეეტანათ ამ ერთობაში, მაგრამ დღეს დარწმუნდება ივანიშვილი კიდევ ერთხელ, რომ მყარია გადაწყვეტილება ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების, არ შევიდეთ პარლამენტში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ არჩევნების არსებული შედეგით, პარლამენტის დეპუტატის 36 მანდატი აქვს მიღებული.

ოპოზიციურ კანდიდატებს ჯამში 60 მანდატი აქვთ. „ლეიბორისტულმა პარტიამ“, რომელსაც 1 მანდატი აქვს, უკვე მიმართა პარლამენტს მისი გაუქმების შესახებ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 პარტიის საარჩევნო სიები მოხსნა რეგისტრაციიდან: ენმ, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“.

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ მოლაპარაკების პროცესის დასრულებას ელოდებიან, თუმცა, „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მედიასთან ყოველთვის აცხადებდა, რომ თუ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა, არ შევა მისი პარტიაც.