ენმ-ის მთავარი ლიდერი მელიაა, მე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ - სააკაშვილი

პუბლიკა

მსჯავრდებული ექსპტეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ  ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მას მოიხსენებენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მას განმარტების გაკეთება სურს.

როგორც ის ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორისაა თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც, მისი შეფასებით, პარტიის მთავარი ლიდერია. ის ასევე აღნიშნავს, რომ თავად დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარია.

„ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს.

მინდა ყველას ვუთხრა, „ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი.

რაც შემეხება მე – მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა. მით უმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე”, – წერს სააკაშვილი.