ენმ მანდატებზე მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტში ფრაქცია მუშაობას არ გააგრძელებს - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რაიონული ორგანიზაციების საკრებულოებში არმუშაობის საკითხი არც კი განიხილება.

მისივე თქმით, ენმ საპარლამენტო მანდატებზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

„რა თქმა უნდა, საკრებულოებში იქნება ჩვენი წარმომადგენლობა წარმოდგენილი და მათ შორის და განსაკუთრებით იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ ფიზიკურად გაყალბებული არჩევნების მოუხედავად არ აქვს უმრავლესობა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას და მის მანდატებს, „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს პერიოდში მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომელიც არის ტყვეობაში, რომელიც შიმშილობს ჩვენთვის წარმოუდგენელია და ცხადია, რომ მის პოზიციას გავიზიარებ. მზად ვარ ეს მანდატი დავტოვო, რადგან არც არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ის, რომ პარლამენტში ფრაქცია მუშაობას არ გააგრძელებს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ.

„ქართული ოცნების“ რუსული ოცნების პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი არ იქნება. პარტიას ექნება გუნდური, ერთიანი გადაწყეტილება, პარტია იქნება ერთიანი ისევე, როგორც სხვა გადაწყვეტილებებში, ბიუროკრატიულად, პროცესუალურად, იურიდიულად, როგორც მიეცემა ამას მსვლელობა, ამაზე განცხადებას პარტია გააკეთებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის შესახებ დღეს ფრაქცია „ლელომაც“ განაცხადა.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს: „ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლისა და უბრალოდ პატრიოტებისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში. მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვებას გეგმავენ: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნონა მამულაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ვარშალომიძე