ენმ-სა და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის წევრების ცემაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის აქტივისტ, ლევან ქართველიშვილსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში „ევროპული საქართველოს“ წევრ, ოქტაი სკანდარავას სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ცემის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ წუხელ, 11 ოქტომბერს თავს დაესხნენ  მისი საარჩევნო შტაბის აქტივისტსა და „ანას ბაღის“ მცველს, ლევან ქართველიშვილს.

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, დაკავებულია ამ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით“, – წერს ხაბეიშვილი.

ინციდენტს თავად ლევან ქართველიშვილიც იხსენებს:

„მეგობრისგან გამოვედი. სახლში მოვდიოდი. მეცვა ხუთნომრიანი მაისური, რადგან საარჩევნო შტაბში ვმუშაობ ხაბეიშვილთან და ჩემთვის უცნობი 2 პიროვნება შემხვდა და მაგათ გვერდში როგორ დგახარ ბიჭოო. ერთმა გვერდიდან მომარტყა, მეორემ ხელი მკრა და დავეცი, სახით ასფალტზე და გაიქცნენ“, – აღნიშნა ქართველიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლის 1​1 „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიდევ ერთ ინციდენტზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღანელი, სერგი კაპანაძე. მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ „ევროპული საქართველოს” აქტივისტს, ხოლო მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს” აქტივისტმა ეს პოლიციაში განაცხადა, მის ოჯახზე დაიწყო ზეწოლა და დაშინება.

„ქართული ოცნება ისევ აგრძელებს ძალადობას არჩევნების წინ, გუშინ, გვიან ღამით მოხდა ინციდენტი, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს თავს დაესხნენ გარდაბანის რაიონის სოფელ ყარაჯალარში. სცემეს მას, რის შემდეგაც ის წავიდა პოლიციაში, თქვა, რომ ეს გააკეთეს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და როგორც ხდება ხოლმე, ტრადიციულად, ოჯახზე მუქარის შედეგად, ათქმევინეს, რომ ის არის არა „ევროპული საქართველოს“, არამედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერი, რაც ჩვეულებრივი კლასიკური „ქართული ოცნების“ სტილია – ჯერ ძალადობა, შემდეგ ზეწოლა იმ იმედით, რომ პირიქით, გამოჩნდება, რომ ეს ადამიანები აღარ უჭერენ მხარს იმ პარტიას, ვისთან აფილირების გამოც მასზე იძალადეს“, – ამბობს სერგი კაპანაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფელ ყარაჯალარში „ევროპული საქართველოს“ წევრ, ოქტაი სკანდარავაზე სავარაუდო თავდასხმის გამო, გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. სასჯელი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.