ექიმები ზრუნავენ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია სულიერ მდგომარეობაზე - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საპატრიარქოსა და მთავრობას შორის გამართულ მოლაპარაკების შედეგები შეაფასა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო შეჯერება, ვინაიდან ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია სულიერ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ შორის გამორიცხული იყო, გარკვეული გაუგებრობა მომხდარიყო, მაგრამ ვეძებდით იმ გამოსავლებს, რომლებიც იქნებოდა საუკეთესო როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ეკლესიისთვის და მისაღები იქნებოდა ჩვენი მრევლისთვისაც”, – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო – „ვთვლი, რომ, თუ გათვალისწინებული იქნება ყველა ის საკითხი, რომელსაც დღესდღეობით საპატრიარქო უკვე აცხადებს. იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხარისხიც და ის მოლოდინებიც, რომლებიც ჩვენ საკმაოდ გვაშინებდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი არ იქნებოდა დაცული ჩვენი მრევლისა და მოქალაქეების მხრიდან, მიგვიყვანდა ძალიან დიდ ესკალაციამდე COVID-19-ის გავრცელების“, – ამბობს მინისტრი.

ჟურნალისტის შეკითხვას – იყო თუ არა საპატრიარქოსა და მთავრობას შორის მიღებული გადაწყვეტილება ოქროს შუალედი? – ტიკარაძე პასუხობს:

„ეს არის გარკვეულწილად ოქროს შუალედი, რომლის მიღწევასაც ხელისუფლება ცდილობდა, ვინაიდან ჩამოთვლილი იყო ძალიან ბევრი რისკჯგუფის წარმომადგენელი, რომლებიც უნდა მოერიდოს ეკლესიაში მისვლას ამ პერიოდში და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი მრევლის გონივრულობაში. ისინი სწორად შეაფასებენ იმ რისკებს, რომლებიც ახლავს COVID-19-ს. რომელი მოქალაქეებიც არიან რისკჯგუფში. შესაბამისად მოხდება მნიშვნელოვნად შემცირება მათი გადაადგილების და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აგვარიდებს იმ დიდ რიცხვებს, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ ყოველდღიურად“.

სააღდგომო ლიტურგია დიდ ეკლესიებში ორმეტრიანი დისტანციით ჩატარდება. მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟი, რომლებიც უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ზომებისა და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას.

LB loan image desktop LB loan image mobile