ექიმის ცნობით, კლინიკაში გადაყვანილ აქციის 4 მონაწილეს ტვინის შერყევა აქვს

პუბლიკა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულ მომიტინგეს, რომლებიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ექიმის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, – აღნიშნა ექიმმა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა.

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულ მოქალაქეს. რამდენიმე დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიცია მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებსაც. აქციაზე დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია.

საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა დადგენილება, რომლითაც სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა და მისი გადაკეტვა აიკრძალა. ამ მუხლის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს.