ერდოღანის განცხადებით, თურქეთის „ისტორიას არ ახსოვს გენოციდი, ჟლეტა, ჩაგვრა და კოლონიალიზმი“

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმო ისრაელი სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეს „ცილისწამება“ არის მცდელობა, „მიჩქმალონ თავიანთი სისასტიკე ღაზაში“.

ერდოღანმა ასევე მცდარად განაცხადა, რომ თურქეთის „ისტორია თავისუფალია გენოციდის, ხოცვა-ჟლეტის, ჩაგვრისა და კოლონიალიზმისგან“.

ამავე დროს, აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიამ გაავრცელა რთულად აგებული ნარატივი, რომლითაც ცდილობს, ახსნას ქვეყნის მიერ ისრაელის ამ ნაბიჯების დაგმობა. მათი მტკიცებით, ეს პოზიცია განპირობებულია ანკარისადმი მხარდაჭერის სურვილით და არა უშუალოდ ისრაელის კრიტიკით.

ისრაელის მთავრობამ ივნისში ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც სომეხთა გენოციდის აღიარებას ითვალისწინებს. თუმცა იმისთვის, რომ ეს ქვეყნის ოფიციალურ პოზიციად იქცეს, კანონპროექტი ისრაელის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მიუხედავად ამისა, ამ ნაბიჯმა მწვავე აღშფოთება გამოიწვია თურქეთში და რთული მდგომარეობა შეუქმნა აზერბაიჯანს, რომელიც თურქეთის მჭიდრო მოკავშირეა და უარყოფს გენოციდის ფაქტს, თუმცა ამავე დროს ისრაელთან მრავალწლიანი და ფართო თანამშრომლობა აკავშირებს.

თავის მხრივ, სომხეთი ისრაელის კანონპროექტს შედარებით თავშეკავებულად გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს და მიანიშნა, რომ ეს ინიციატივა თემის „პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაა“.

თურქეთი ისტორიას ამახინჯებს, აზერბაიჯანი კი ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს

30 ივნის რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა:

„ჩვენს მრავალათასწლიან დიდებულ ისტორიაში მხოლოდ სამართლიანობა და თანაგრძნობაა“.

მან ასევე განაცხადა:

„ჩვენს ისტორიაში ყოველთვის მოიძებნება მაგალითები იმისა, თუ როგორ უწვდიდა თურქეთი დახმარების ხელს ჩაგრულ ადამიანებს, მათი რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ იდენტობის მიუხედავად. ასევე მოიძებნება მაგალითები იმისა, თუ როგორ იფარებდა თურქეთი ადამიანებს, რომლებიც ინკვიზიციასა და ნაცისტურ დევნას გაურბოდნენ“, – განაცხადა მან.

თავის გამოსვლაში ერდოღანმა უხეშად დაამახინჯა ფართოდ დოკუმენტირებული ისტორიული ფაქტები 1915–1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების, ასევე ბერძნების, ასირიელებისა და სხვა უმცირესობების მასობრივ ხოცვა-ჟლეტის შესახებ, რასაც ბევრი გენოციდად მიიჩნევს. თურქეთის მიერ ქურთი მოსახლეობის დევნა დღემდე გრძელდება.

მართალია, ესპანეთის ინკვიზიციის დროს ათიათასობით ებრაელი ოსმალეთის იმპერიაში დასახლდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ებრაელი ლტოლვილების შეფარებაში თურქეთის როლი პროსამთავრობო ნარატივებში მნიშვნელოვნად გადაჭარბებულად არის წარმოდგენილი. დღეს თურქეთში ებრაული მოსახლეობა დაახლოებით 14 000 ადამიანს შეადგენს.

გარდა ამისა, 30 ივნისს თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TRT-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში ნათქვამია, რომ:

„1915 წლის მოვლენების აღიარება უფრო ნაკლებად ჰგავს ისტორიულ სიმართლესთან გულწრფელ შეპირისპირებას და უფრო მეტად – შურისძიებას იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე აქტიურად მოითხოვს ისრაელის პასუხისმგებლობას“.

სტატიის თანახმად, „დამკვირვებლების შეფასებით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც უფრო ანკარის პროვოცირებას ისახავს მიზნად, ვიდრე სომხების პატივისცემას. ეს არის საუკუნის წინანდელი ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება თურქეთის დასასჯელად ღაზასთან დაკავშირებული პოზიციის გამო“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (მარცხნივ) და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი (მარჯვნივ) იღდირ-ნახჭევანის გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე. ოფიციალური ფოტო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (მარცხნივ) და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი (მარჯვნივ) იღდირ-ნახჭევანის გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე. ოფიციალური ფოტო.

ამავდროულად, აზერბაიჯანი ფრთხილად ეკიდება ისრაელის კანონპროექტის უარყოფას.

რეზოლუციის გამოცხადებიდან მალევე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დამგმობი განცხადება და ისრაელის მთავრობას მოუწოდა, „გადახედოს ამ გადაწყვეტილებას“.

30 ივნისს აზერბაიჯანის გავლენიანმა პროსამთავრობო მედია APA-მ გამოაქვეყნა ბაქოს პოზიციის საკუთარი განმარტება. გამოცემის განცხადებით, აზერბაიჯანის გადაწყვეტილება თურქეთისადმი სოლიდარობით იყო განპირობებული.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ აზერბაიჯანი გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურ სახელმწიფო დონეზე ღიად გამოხატა მხარდაჭერა თურქეთის მიმართ“, – წერს APA და დასძენს, რომ „აზერბაიჯანის პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს პრინციპს – „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ – ფრაზას, რომელიც ხშირად გამოიყენება ბაქოსა და ანკარას შორის მჭიდრო ურთიერთობების აღსაწერად.

APA ასევე ამტკიცებს, რომ მიუხედავად „გარკვეული წრეების მცდელობისა, უსაფუძვლოდ წარმოეჩინათ აზერბაიჯანი თურქული საზოგადოების თვალში, როგორც „პროისრაელური“ ქვეყანა, […] ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთისადმი აზერბაიჯანის დაუყოვნებელმა და ღია მხარდაჭერამ ნათლად აჩვენა, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო იყო“.

სტატიის დასასრულ, ფრთხილად არის გაკრიტიკებული ისრაელის რეზოლუცია და ნათქვამია:

„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ისრაელის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გადაეხედა ამ საკითხისთვის“.

ასევე აღნიშნულია, რომ:

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებზე, ისე ისრაელისა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.