ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს

პუბლიკა

ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს. ცენტრის განცხადებით, ქართველი კინემატოგრაფისტები ინტერნეტ სივრცეში თავიანთ ფილმებს ასაჯაროვებენ. თანამედროვე ქართული ფილმების ონლაინ ჩვენებების განრიგი ეროვნული კინოცენტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გახდება ცნობილი.

„დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს!“, – წერია ცენტრის განცხადებაში.

ინიციატივას უერთდებიან ლევან კოღუაშვილი, ლევან თუთბერიძე, ნანა ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, გიგა ბაინდურაშვილი, ვახო ვარაზი და ლაშა ოთხმეზური. ახალგაზრდა რეჟისორებმა – გიორგი თავართქილაძემ და გიგა ლიკლიკაძემ კი მათი ფილმები „ცუდი ხალხი“ და „ღორი“ უკვე გახადეს ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში.

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინ პრემიერა გაიმართება 25 მარტს, 19:00 საათზე.  საზოგადოება პირველად ნახავს გიგა ბაინდურაშვილის 2019 წელს გადაღებულ ფილმს „გაბანა“ დავით როინიშვილისა და ჯანო იზორიას მონაწილეობით.

ეროვნული კინოცენტრი აგრძელებს მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი და „სულ ცოტათი მაინც შევამსუბიქოთ თვითიზოლაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ყოფა“.