„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს  

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებული ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.

„2013 წლიდან დღემდე ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე. მათ შორის, უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში- ბავშვებში და პენსიონერებში. COVID 19-ით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. რას აკეთებს ამ დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?! ე.წ. დახმარების პაკეტიდან, რომელიც სინამდვილეში პარტ-აქტივის დაფინანსებისა და მათთან აფილირებულ ბიზნესებში შერჩევითად ფულის ჩასხმის სქემაა. რატომ დღემდე ერთი თეთრი არ მისულა საქართველოს მოქალაქემდე?! რატომ არ არის, ე.წ. გეგმაში არც ერთი თეთრი გათვალისწინებული პენსიონერებზე, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ამ პანდემიის დროს?! რატომ არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული 600 000 თვითდასაქმებულზე?! ან 125 000 სოცდაუცველზე ?! ან 100 000 შშმ პირზე?! ან დევნილებზე?! ამ პარლამენტში, ულუკმაპუროდ სახლში დარჩენილი ადამიანების ხმა  არ ისმის. ეს პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა, პრაქტიკულად გააუქმა. იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი, გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით, გიორგი გახარიას იბარებს პარლამენტში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განმარტებით, ორჯერ, როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, გიორგი გახარია პარლამენტში არ მივიდა. „მან გამოაგზავნა მხოლოდ საკუთარი წარმომადგენელი. ამჯერად, მას კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს იმ შეკითხვებს პასუხები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. არმოსვლის შემთხვევაში გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას; არმოსვლის შემთხვევაში გიორგი გახარია საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეს ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება და არმოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგილებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ, მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ“.

ენმ-ის წევრის თქმით, ისინი საორგანიზაციო დეპარტამენტში წერილს ინტერპელაციის მოთხოვნით დღეს შეიტანენ.