„ეს არის დიდი გამარჯვება ოპოზიციური ერთობის“ – სააკაშვილი გახარიას გადადგომაზე

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

მისი შეფასებით, ეს არის ოპოზიციური ერთობის დიდი გამარჯვება.

„დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, გახარია გადადგა, იმიტომ, რომ არ მოისურვა, თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის, მართლაც, დიდი გამარჯვება ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიასი და საერთოდ, ქართველი ხალხის.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა. პირიქით გავაფართოვოთ იმიტომ, რომ მთავარი მოთხოვნა ქართველი ხალხის და ოპოზიციური ერთობის არის რიგგარეშე არჩევნები და ქართველი ხალხისთვის მათი ნების დაბრუნება, რომლიც მას მოპარეს გასული წლის ოქტომბერში, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა.

ამ სიტუაციაში საჭიროა, ერთი მხრივ, სიფხიზლე, რადგან თავგაცხელებული ადამიანები საკმარისზე მეტია, ვინც შეიძლება მაინც ჩაიდინოს რაღაცა უმსგავსობები, მეორე მხრივ, დროზე მივაღწიოთ შეთანხმებას, დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებით“, – აცხადებს სააკაშვილი.


დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.