ეს არის მისი ღვაწლის დაფასება - ქონების ეროვნული სააგენტო სტურუასთვის მიწის გადაცემაზე

პუბლიკა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რობერტ სტურუასთვის სახელმწიფოსგან მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემა „სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება“ იყო.

„რობერტ სტურუასთვის 1 500 კვ.მ. არასასოფლო – დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობის სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა.

მასში აღნიშნულია ბატონი რობერტ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე. წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით.

რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება“, – აცხადებს სააგენტო.

ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებაში რობერტ სტურუას შემოქმედების შესახებაც წერს მოკლე ინფორმაციას და დასძენს, რომ მას შემდეგ, რაც ამ მიწის მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს სააგენტოს კომპეტენციას აღარ განეკუთვნება.


სახელმწიფომ 2021 წლის ნოემბერში რობერტ სტურუას სიმბოლურ ფასად 700 ათასი ლარის ქონება აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაცია „TV პირველმა“ გაავრცელა.

საუბარია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ თხინვალაში არსებული, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე აშენებულ ნაგებობაზე. ნაკვეთის ჯამური ფართობი 1500.00 კვ.მ.-ია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პრემიერმა 3 ნოემბერს განკარგულება გამოსცა და ქონების მართვის სააგენტოს აღნიშნული მიწის რობერტ სტურუასთვის 1 ლარად მიყიდვა დაავალა.

თუმცა, 29 ნოემბერს რობერტ სტურუამ ქონება როინ ნოზაძეზე გააჩუქა, რომელმაც ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2 დეკემბერს მიწა შპს “ჯეო-ოლიმპს” მიჰყიდა. “TV პირველის” ცნობით კომპანიამ ნაკვეთში $221 000 გადაიხადა.