ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „რეაქციაში” ჟურნალისტის კითხვაზე, შედგებოდა თუ არა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომ არა საერთაშორისო ზეწოლა, უპასუხა: “რომ არ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, რომ არ ყოფილიყო ხელისუფლება, რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა ეს შეთანხმება ვერ მოხდებოდა პირდაპირ გეუბნებით.”

მისი თქმით, ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საქართველოს აქვს უკვე მდგრადი პოლიტიკური სისტემა.

„ამით მოიგო პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ და აქ არავის ერთმანეთისთვის არც არაფერი უჩუქნია და არც დაუთმია. მოდით, ნურაფერს მივიწერთ ჩვენს თავზე. ეს არჩევნები ეს დემოკრატია ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას, ამიტომ თუ პოლიტიკოსებმა რაიმე დათმეს, დათმეს მხოლოდ ის, რომ მათ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ოპოზიციასა და ხელისიფლებას შორის შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.