ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ხმის მიცემა ოლქის ნებისმიერ ადაპტირებულ უბანზე შეეძლება - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რის მიხედვითაც ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

„31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკოს ინიციატივით საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ, შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად ამოარჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ცესკოს ვებგვერდზე, როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე უბნების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია 1 118 საარჩევნო უბნისათვის. შეგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე ახალი რეგულაციები შევიდა საარჩევნო კანონმდებლობაში, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს სთავაზობს უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას არჩევნებში მონაწილეობისათვის.

კერძოდ, ახალი რეგულაციების თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა, რაც არის 25 ოქტომბერი, უნდა მიმართოს შესაბამის საალქო, საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ, ხელმისაწვდომ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში, ხოლო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებული საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე, ნებისმიერ დროს, საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

ვინაიდან წელს პირველად, საპარლამენტო არჩევნებზე იქნება შესაძლებელი აღნიშნული უფლების გამოყენება, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით. შეარჩიონ მათთვის ყველაზე ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს არჩევნებში მონაწილეობას“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.